უკრაინიდან ხორბლით დატვირთული პირველი ხომალდი, სავარაუდოდ, პირველ აგვისტოს გავა – ამის შესახებ განცხადება თურქეთის პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა გააკეთა. მისივე თქმით, თურქეთი უკრაინულ და რუსულ მხარესთან მუდმივ კონტაქტზეა და ოდესის პორტიდან უკრაინული ხორბლით დატვირთული გემები გასასვლელად მზად არიან. უკრაინიდან ხორბლის ექსპორტის განახლება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც 22 ივლისს, ამ საკითხზე თურქეთის და გაერო-ს შუამავლობით, კიევსა და მოსკოვს შორის შეთანხმება შედგა. თურქული მხარე ვარაუდობს, რომ უკრაინული ხორბლით დატვირთული პირველი გემი თურქეთში 3 აგვისტოს ჩავა.