ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გამოტანილი განაჩენის სამოტივაციო ნაწილი

„მოამბისთვის” ექსკლუზიურად გახდა ცნობილი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გამოტანილი განაჩენის სამოტივაციო ნაწილი, რის გამოც სასამართლომ პროკურატურის ვერსია ნაწილობრივ არ გაიზიარა. ასგვერდიან სამოტივაციო ნაწილში დეტალურად არის განმარტებული, რა გარემოებებზე დაყრდნობით შეუცვალა მოსამართლე ეკა არეშიძემ დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულს მუხლი და რატომ ცნო ის მხოლოდ განზრახ მკვლელობის მცდელობაში დამნაშავედ.

განაჩენის მიხედვით, 12 ჭრილობიდან სარალიძის სიკვდილის მიზეზი გახდა მარცხენა ბარძაყის ზედა ნაწილში მიყენებული ჭრილობა, თუმცა, დაკავებულის მიერ ამ სასიკვდილო ჭრილობის მიყენების ფაქტი სასამართლოში ვერ დადასტურდა. რაც შეეხება კიდევ ერთ მოკლულ არასრულწლოვანს, ლევან დადუნაშვილს, მის მკვლელობაში ბრალდებულის ბრალეულობას  მოსამართლე რამდენიმე მოწმის ჩვენებით ამყარებს, მათ შორის იმ მოწმეებით, რომლებმაც დაინახეს, როგორ მოიქნია არასრულწლოვანმა ნაცრისფერი დანა მსხვერპლის მისამართით, შემდეგ კი ცივი იარაღი იქვე მდგარ ონკანთან გარეცხა.