ხმაური სოფელ მუშავანში

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში ადგილობრივი მოსახლეობა ერთმანეთს დაუპირისპირდა. სოფლის ერთი ნაწილი მომხრეა, რომ კომპანია „არემჯი გოლდმა“ სოფლის სიახლოვეს სამუშაოები აწარმოოს, ნაწილი კი სამუშაოებს ეწინააღმდეგება და საპროტესტო პეტიციის შექმნას გეგმავს. სამუშაოების სანაცვლოდ, მოსახლეობას კომპანია წყალს, ბუნებრივ აირსა და გზას ჰპირდება. სოფლის ცენტრში ამ დრომდე ხმაურია. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. რამდენიმე წუთის წინ განცხადება გაავრცელა კომპანია „არემჯიმ“. კომპანიაში აცხადებენ, რომ ადგილობრივ მოსახლეობასთან გააფორმა სოფლის განვითარების მემორანდუმი და განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი. კერძოდ, კომპანიის თქმით, მიმდინარეობს სოფლის წყლით მომარაგების სამუშაოები, სხვადასხვა სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები.