ხმაური საოლქო კომისიებთან

ხმაურიანად ჩაიარა საჩივრების განხილვის გუშინდელმა პროცესმა. დაპირისპირების კერებად იქცა საბურთალოს, ისნის, სამგორის, გლდანის, ბათუმისა და წყალტუბოს საოლქო საარჩევნო კომისიები. შენობებთან შეკრებილი ოპოზიციური პარტიების ლიდერები, აქტივისტებთან ერთად, სხდომაზე დასწრებას ითხოვდნენ.

პროტესტის პარალელურად, ცესკო-დან ოპოზიციას მიუთითეს, რომ სხდომებზე ყველა პოლიტიკური სუბიექტის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, მაჟორიტარობის კანდიდატებს კი კანონმდებლობით განხილვაში მონაწილეობის უფლება არ აქვთ. ამის მიუხედავად, რამდენჯერმე სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ პოლიციის ჩარევა გახდა საჭირო. სამართალდამცავების მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო, დააკავეს 12 ადამიანი, ამ დროისთვის ყველა მათგანი თავისუფალია.