ხმაური ოზურგეთის საკრებულოში

ხმაური მოჰყვა საკრებულოს სხდომაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის, კონსტანტინე შარაშენიძის მიერ საქმიანობის ერთი წლის ანგარიშის წარდგენას. დეპუტატებმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ მერი კორუფციასა და ნეპოტიზმში დაადანაშაულეს. სხდომაზე მათ ოზურგეთის მერის მიერ შევსებული დეკლარაციების ასლები წარადგინეს და განაცხადეს, რომ მერის და მისი ოჯახის შესყიდვები მნიშვნელოვნად აღემატება დეკლარაციაში მითითებულ შემოსავლებს. ამასთან, მერი მათ ტექნიკის პირადი მიზნებით გაქირავებაში, პანდემიის დროს კანონდარღვევით წარმოებულ ტენდერებსა და უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებში დაადანაშაულეს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს. ისინი გამოძიების დაწყებას ითხოვენ. ოზურგეთის მერი ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს და აცხადებს, რომ მისი საქმიანობა მუდამ ხორციელდება კანონის დაცვით და ბრალდებები მას ხელს ვერ შეუშლის.