ხმაური ნაძალადევში

ხმაური იყო ნაძალადევის რაიონში. დაკავებულია ერთი პირი.

თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ, რეკრეაციულ ზონაში უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი დაიწყო. ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. ერთ-ერთი მოქალაქის ინფორმაციით, მშენებლობა ერთი თვის წინ დაიწყეს, თუმცა მერიას დემონტაჟის შესახებ არ გაუფრთხილებია. მოქალაქეების ინფორმაციით, მშენებლობის დაწყების ნებართვის მიღებასთან დაკავშირებით მერიაში განცხადება შეიტანეს, რომელიც არ დაუკმაყოფილდათ, თუმცა სამშენებლო სამუშაოები თვითნებურად დაიწყეს. მოქალაქეების განცხადებით, ტერიტორიას ისინი 30-40 წლის განმავლობაში უვლიდნენ და მიწის დაკანონება მოითხოვეს, თუმცა მერიამ მათ შესყიდვის უფლება არ მისცა.

მერიაში აცხადებენ, რომ ჩატარებული ინსპექტირების შედეგად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, სამშენებლო სამართალდარღვევის რამდენიმე ფაქტი გამოვლინდა, რომელზეც თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ მიმდინარე წლის აგვისტოში მოკვლევა დაიწყო. მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ მისამართზე ოთხი შენობა-ნაგებობა უნებართვოდ იყო განთავსებული, ამიტომ კანონის შესაბამისად, მუნიციპალურმა ინსპექციამ მათი დემონტაჟის შესახებ დადგენილება გამოსცა.

დატოვე კომენტარი