ხმაური გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე

ხმაურით დასრულდა საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიისა და ჯანდაცვის საკითხთა კომიტეტის გაერთიანებული სხდომა.

სხდომაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, ქეთევან ბაკარაძეს უსმენდნენ. სხდომის დასრულების შემდეგ დარბაზში „ნაციონალური მოძრაობის“ აფხაზეთის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი, ბესო შენგელია შევიდა. ის აცახადებდა, რომ აქვს 49 გვერდიანი დოკუმენტი, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამედიცინო დაწესებულებებში არსებულ რთულ ვითარებას და ქეთევან ბაკარაძის კორუფციულ საქმიანობას ეხება. ადგილზე მას გია ვოლსკიმ და ირაკლი ბერაიამ უპასუხეს. დეპუტატები ამბობენ, რომ სხდომა სწორედ მსგავსი საკითხების განხილვის მიზნით იყო დახურული, რაც შეეხება კორუფციის ფაქტებს, ირაკლი ბერაიას განცხადებით, მიმდინარეობს გამოძიება.