ხმაური და დაპირისპირება საკრებულოში

სოციალურ ქსელში ერეკლე კუხიანიძის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას თბილისის საკრებულოს უმრავლესობა სპეციალურ სხდომაზე განიხილავს.

სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი, მიიღებს თუ არა მმართველი პარტია თანაგუნდელის მიმართ რაიმე სანქციას იმ პოსტის გამო, რომლის შინაარსი „ქართული ოცნების“ წევრებმაც დაგმეს. საუბარია ვაჟა გაფრინდაშვილის და მისი ოჯახის მისამართით დაწერილ სტატუსზე, სადაც საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის ხელმძღვანელი პროვოკაციაზე საუბრობდა. ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში ბოდიშის მოხდის მიუხედავად, დეპუტატის დასჯის მოთხოვნით დილიდან საკრებულოში ოპოზიციის წარმომადგენლები მხარდამჭერებთან ერთად მივიდნენ და კუხიანიძის კაბინეტის შესასვლელში კარვის გაშლა სცადეს. შენობაში სიატუაცია რამდენჯერმე გამწვავდა, რის გამოც პოლიციის მობილიზება გახდა საჭირო.