ხმაური ბათუმის საკრებულოს სხდომაზე

ხმაური იყო ბათუმის საკრებულოს სხდომაზე, რომელზეც დღეს ანბანის კოშკის მიმდებარედ, რივიერას ტერიტორიაზე განაშენიანების რეგულირების გეგმა დამტკიცდა. ამით კომპანია „სილქროუდმა“, რომელიც სანაპიროზე ხუთი ცათამბჯენის აგებას გეგმავს, ფაქტობრივად, ადმინისტრაციული წარმოება დაასრულა და შემდგომ ეტაპზე დასამტკიცებლად წარმოადგენს უშუალოდ მშენებლობის პროექტს.

საკითხი 17 ხმით დამტკიცდა, რასაც საზოგადოება „ბათომისა“ და მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის წევრების პროტესტი და ხმაური მოჰყვა. ერთ-ერთი მოქალაქე სხდომათა დარბაზიდან დაცვის პოლიციამ გაიყვანა.

მოძრაობა „დაიცავი ბათუმი“ რივიერაზე ცათამბჯენების მშენებლობას წელიწადზე მეტია აპროტესტებს. მათი მტკიცებით, სანაპიროზე ცათამბჯენების მშენებლობა შექმნის ეკოლოგიურ საფრთხეს და ქალაქს ჩაუკეტავს ზღვიდან ვენტილაციის საშუალებას.

საწინააღმდეგო მოსაზრება აქვს საკრებულოს თავმჯდომარეს. სულიკო მიქელაძე ამტკიცებს, რომ პროექტი ქალაქს დიდ ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს.