ქალაქ ხერსონში, რომელსაც უკვე უკრაინა აკონტროლებს, მეორე დღეა, სახალხო ზეიმი გრძელდება. ხერსონის ქუჩებში ჯარისკაცებს მოქალაქეები ეროვნული დროშებით დახვდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ხერსონის გათავისუფლებას ისტორიული დღე უწოდა. ზელენსკიმ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც უკრაინელმა სამხედროებმა ქალაქში შესვლა დაიწყეს. მათ ხერსონის ქუჩაში მოქალაქეები დახვდნენ, რომლებსაც უკრაინული დროშები ეჭირათ ხელში. ეროვნული დროშა აღმართეს ხერსონის საოლქო ადმინისტრაციის შენობაზე.
პარალელურად, ცნობილი გახდა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გუშინ ღამით რუსი ოკუპანტების ერთ-ერთი შტაბი გაანადგურეს, რა დროსაც 30 ოკუპანტი დაიღუპა. განადგურდა სამხედრო ტექნიკა. უკრაინული ქევდანაყოფების ნაწილმა მდინარე დნიპრის მარჯვენა სანაპირომდეც მიაღწიეს. უკრაინელების ცნობით, ამჟამად მოწინააღმდეგეთა გამოვლენისა და განადგურების ოპერაციები ხერსონის სხვადასხვა ნაწილში გრძელდება.
ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსი ოკუპანტები ამჯერად მდინარე დნიპრის მარცხენა სანაპიროს დასახლებებიდანაც აპირებენ მოქალაქეთა და ოჯახების ევაკუაციას. საბრძოლო მოქმედებები გრძელდება უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში. უკრაინის გენშტაბის ცნობით, უკრაინელემა ჯარისკაცებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში მტრის შეტევა 14 დასახლებულ პუნქტთან მოიგერიეს.
გასულ 24 საათში რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ოთხი სარაკეტო და 23 საავიაციო დარტყმა მიიტანა. მათ შორის ხარკოვის,ლუგანსკის, დონეცკის, ვინიცის, ზაპოროჟიესა და ნიკოლაევის ოლქების ტერიტორიაზე.