ხელშეკრულების ორი პროექტი - რუსეთის ულტიმატუმი ნატოს და აშშ-ს

დოკუმენტურად გაფორმებული ულტიმატუმი.

ლავროვის უწყება ასაჯაროებს იმ ხელშეკრულების ორ პროექტს, სადაც მოსკოვი ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების გამოსარიცხად ალიანსისგან და ვაშინგტონისგან უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს. კრემლის კიდევ ერთი მოთხოვნაა, რომ ნატომ დამატებითი ძალები და შეიარაღება არ განათავსოს იმ ტერიტორიებზე, სადაც ალიანსი 1997 წლის მაისამდე, ანუ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ნატოში გაწევრიანებამდე იმყოფებოდა. კრემლის მუქარის შემცველი გზავნილების და გამწვავებული რიტორიკის ფონზე დაძაბულობა იზრდება უკრაინის საზღვართან, სადაც რუსეთის შეიარაღების მობილიზაცია ხდება. სწორედ რუსული აგრესიის შესაკავებლად კიევი ამერიკისგან ფინანსური დახმარების გაზრდას ითხოვს. მორიგი სამხედრო ინტერვენციის შემთხვევაში დასავლეთი მოსკოვს მოსალოდნელ მძიმე შედეგებზე და მკაცრ პოლიტიკურ და ეკონომიკურ სანქციებზე აფრთხილებს.