ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო პროტესტს გამოთქვამს კულტურის სფეროს წარმომადგენლების ნაწილი.
აქცია 14 საათიდან თეატრისა და კინოს უნივერსიტეტთან დაიწყო. მოთხოვნაა, რომ თეატრებმა მუშაობა შეაჩერონ და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე პოზიცია დააფიქსირონ. აქციის მონაწილეებმა – უნივერსიტეტის მოქმედმა და ყოფილმა სტუდენტებმა, რექტორთან გიორგი შალუტაშვილთან შეხვედრა მოითხოვეს. შეკრებილებმა სოლიდარობა გამოუცხადეს მსახიობ ანდრო ჭიჭინაჭეს, რომელიც გუშინ საკუთარ სახლში დააკავეს, ასევე საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ სხვა მოქალაქეებს. გიორგი შალუტაშვილის განმარტებით, უნივერსიტეტმა უკვე გამოაქვეყნა პოზიცია, პირადად კი სოლიდარობა გამოუცხადა ანდრო ჭიჭინაძეს. აქციის მონაწილეებმა მოგვიანებით სხვადასხვა სახელმწიფო თეატრისკენ გადაინაცვლეს, ოპერისა და ბალეტის თეატრიდან მშვიდობიანი მსვლელობა მარჯანიშვილის თეატრში გაგრძელდა, სადაც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, გოგი მარგველაშვილს შეხვდნენ და მისგან მიმდინარე პროცესებზე პოზიციის დაფიქსირება და აქციის დროს დაშავებულების მიმართ სოლიდარობის გამოხატვა ითხოვეს. აქციის მონაწილეები მივიდნენ მოზარდმაყურებელთა თეატრშიც, ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრში და თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში. აქციის მონაწილეთა თქმით, ისინი გააგრძელებენ თეატრებში მსვლელობას, შეხვდებიან სამხატვრო ხელმძღვანელებს და მიმართავენ მოთხოვნით დაარღვიონ დუმილი და გამოხატონ სოლიდარობა.