ხელმოწერები ევროკავშირის მედიატორობით შემუშავებულ დოკუმენტზე 

შარლ მიშელის კორექტირებული დოკუმენტი ექვსთვიან პოლიტიკურ კრიზისში გარდამტეხი აღმოჩნდა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ მედიაციის დაწყებიდან თვენახევრის თავზე ორბელიანების სასახლეში გაფორმებულ შეთანხმებას ამ წუთისთვის „ქართული ოცნების“ და ოპოზიციის დიდი ნაწილის, ჯამში 20 ადამიანის ხელმოწერა აქვს. პარტიებიდან გამონაკლისია „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“ და „ლეიბორისტული პარტია“. მათთვის ისევ მიუღებელია დოკუმენტი, სადაც წინა ვარიანტისგან გასხვავებით, ვადამდელ არჩევნებსა და მელიას და რურუას საქმეებზე ახალი ჩანაწერი გაჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტში ახალი არჩევნების დანიშვნის პირობა ჩაიწერა და ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლების კონკრეტული მექანიზმებიც გაიწერა, შეთანხმების მიღმა დარჩენილი პარტიებისთვის ის პოლიტიკურ კრიზისს მაინც ვერ წყვეტს. ევროკავშირის ელჩის მოწოდების შემდეგ დილიდან ხელმოწერების პროცესი განახლდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს „ნაციონალებიდან“ თვეების წინ წასულმა გრიგოლ ვაშაძემ, „ევროპული საქართველოს“ სიით გასულმა არმაზ ახვლედიანმა და შალვა შავგულიძემ და გიორგი გახარიას გუნდის წევრებმა.