როგორ იგეგმებოდა 4 ოქტომბერს ხელისუფლების მშვიდობიანი დამხობა და რატომ განვითარდა მოვლენები ორგანიზატორებისთვის არასასურველი სცენარით – ექვსი დღის შემდეგ მთავარი შეკითხვები ისევ პასუხგაუცემელი რჩება.
გეგმის შესახებ ინფორმაციის ფლობას კატეგორიულად უარყოფენ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები, რომელთა პოლიტიკური ძალა პაატა ბურჭულაძის მიერ თვეებით ადრე დაანონსებულ გეგმას აქტიურად უჭერდა მხარს და სამზადისში მონაწილეობასაც არ უარყოფდა. თავის მხრივ სწორედ ყოფილი მმართველი პარტიის პასუხისმგებლობას ხედავენ ის ოპოზიციური ძალები, რომლებიც მშვიდობიანი დამხობის იდეას თავიდანვე გაემიჯნენ. გიორგი გახარიას პარტია ყოფილ მმართველ პარტიას პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდებს, ანალოგიური მოწოდება ვრცელდება ყოფილ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე და ყველა იმ პოლიტიკურ აქტორზე, რომლებიც მოქალაქეებს თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტირებისკენ მოუწოდებდნენ. განცხადებები, რომ საორგანიზაციო ჯგუფის გეგმის შესახებ არაფერი იცოდნენ, ოპოზიციის ნაწილისთვის არადამაჯერებელია. ფაქტია, რომ 4 ოქტომბრის ფინალმა ოპოზიციურ ფლანგზე მანამდე დაწყებული უთანხმოება კიდევ უფრო გაამწვავა, ურთიერთბრალდებები საკმაოდ მძიმდება.