ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა

ამნისტიის კანონპროექტის დარეგისტრირებამდე ერთი დღით ადრე, ოპოზიცია ნიკა მელიასგან ახალ წინადადებას იღებს.

ციხეში მყოფი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე პოზიციას ცვლის და 19-21 ივნისის საქმეებზე ამნისტიის აქტის უკან გაწვევის სანაცვლოდ მზადაა, ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გირაოს და ამ გზით საპატიმროს დატოვებას დათანხმდეს. გათავისუფლების ამ ფორმაზე დოკუმენტის შედგენის დროს მელიამ თავად თქვა უარი, შესაბამისად პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად მომზადებულ შეთანხმებაში ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა პოლიტიკურ მართლმსაჯულებად აღქმული საქმეების მოგვარების გზად ამნისტიის აქტის გამოცემა მიიჩნია და ის პირველივე პუნქტში გაწერა. შეთანხმების ხელმომწერი პარტიები ახლა ამნისტიის პროექტის საკუთარ ვერსიებს წერენ და ამნისტირებულთა სიაში მოსახვედრად კონკრეტულ პირობებს მიუთითებენ, თუმცა დოკუმენტზე ხელის არ მომწერი ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის ახალმა გზავნილმა ოპოზიციას ახალი საფიქრალი გაუჩინა.

ინიცირებამდე საათებით ადრე, ხელისუფლება და ოპოზიცია ამნისტიის პროექტზე მსჯელობენ.