ხელისუფლება BBC-ის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს
უმძიმესი ბრალდება საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ – „ქართული ოცნება“ გავლენიან საერთაშორისო მედიასაშუალებას სასამართლოში უჩივის. „ბიბისის“ საგამოძიებო ჯგუფის მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმი სამართლებრივი დავის დაწყების მიზეზი ხდება. ძიება დაიწყო სუს-მაც. დიდი ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაციის საგამოძიებო ჯგუფის ცნობით, ნოემბერ-დეკემბრის აქციების დაშლის დროს სამართალდამცავებმა, სავარაუდოდ, აკრძალული ქიმიური იარაღი გამოიყენეს. ამ დასკვნის მტკიცებულებად ფილმის რესპონდენტების, ანუ დემონსტრანტების მიერ აღწერილი სიმპტომები, ცალკეული ექიმების შეფასებები და ქიმიური იარაღის ექსპერტის, პროფესორ კრისტოფერ ჰოლშტეგეს მოსაზრება სახელდება. ფილმის მიხედვით, წყლის ჭავლში მეორე მსოფლიო ომის დროს საფრანგეთის მიერ გამოყენებული და აკრძალული ქიმიური ნივთიერება, „ბრომბენზილ ციანიდი,“ ე. წ. კამიტი გაურიეს. როგორც ირკვევა, ფილმის მზადებისას შეკითხვები, რომლებსაც უფრო ბრალდებების სახე აქვს, მმართველ პარტიას წინასწარ გამოუგზავნეს და ისინი აქციების გარდა ბიძინა ივანიშვილს, ევროინტეგრაციას და ბოლო საპარლამენტო არჩევნებს ეხება. „ქართული ოცნება“ „ბიბისის“ დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და აქცენტს იმ გარემოებაზე აკეთებს, რომ ბრალდება მტკიცებულებების ნაცვლად დემონსტრანტების და აქციის მონაწილე ექიმებისა თუ უფლებადამცველების პირად მოსაზრებებს ეფუძნება.