ხელახალი გამოძიება ბრიტანეთში

ბრიტანელი დეპუტატები ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრისგან საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი 14 ადამიანის, მათ შორის ქართველი ბიზნესმენის, ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების ფაქტის გამოძიების განახლებას მოითხოვენ.

ამ ადამიანების უმრავლესობა რუს ბიზნესმენ ბორის ბერეზოვსკისთან ან რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ თანამშრომელ ალექსანდრე ლიტვინენკოსთან იყვნენ დაკავშირებულები. ბიბისის ინფორმაციით, ქართველი ბიზნესმენი ბორის ბერეზოვსკის საქმიანი პარტნიორი და მისი უახლოესი გარემოცვის წევრი იყო.

საეჭვო ვითარებაში ბადრი პატარკაციშვილისა და დანარჩენი 13 პირის გარდაცვალების საქმის ხელახალი გამოძიება ბრიტანეთში დღის წესრიგში რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ყოფილი თანამშრომლის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის შემდეგ დადგა. ორივე მათგანი სოლსბერის საავადმყოფოში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.