ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმე

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლები ხელისუფლებას პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებენ.

გენერალური პროკურატურის შენობის დატოვების შემდეგ მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ტონი კიდევ უფრო გამწვავდა. ბიზნესმენები მათთვის წაყენებულ ბრალს ცილისწამებად მიიჩნევენ და საგამოძიებო უწყებას სადამსჯელო აპარატად აცხადებენ. მათ წინააღმდეგ მიმდინარე ძიებაზე ბიზნესმენები პასუხისმგებლობას გენერალურ პროკურორს აკისრებენ და არც დაკავებას გამორიცხავენ.

მინიშნებები დღესაც გაკეთდა ანაკლიის პორტზე და მისი დაბლოკვის მცდელობებზე. ხაზარაძე და ჯაფარიძე პროკურატურაში დღეს ბრალის დასაზუსტებლად დაიბარეს. საგამოძიებო უწყება მათ უკანონო შემოსავლის ლეგალიზებას ედავება.

საქმე ეხება 11 წლის წინანდელ საბანკო ტრანზაქციას, რის გამოც დღეს ბრალი კიდევ ერთ ბიზნესმენს – ავთანდილ წერეთელს წაუყენეს.