ხავიერ კოლომინას ვიზიტი საქართველოში

ხავიერ კოლომინას ვიზიტი საქართველოში. სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ამ წუთებში შალვა პაპუაშვილს ხვდება. მანამდე კი დისკუსია გაიმართა პრეზიდენტთან და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან.

მხარეებმა განიხილეს ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ყველა აქტუალური საკითხი. საუბარი შეეხო საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და აღინიშნა, რომ ამ პროცესში მნიშვნელოვანია ნატო-ს მხრიდან გაწეული პრაქტიკული დახმარების გაგრძელება. იმსჯელეს მიმდინარე წლის ივლისში დაგეგმილი ნატო-ს ვილნიუსის სამიტისთვის მზადების პროცესზე.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ალიანსის გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი შეხვედრებს გამართავს ასევე საგარეო და თავდაცვის მინისტრებთან და ოპოზიციასთანაც. განხილულ თემებზე ნატო-ს წარმომადგენელი, ალიანსის სამეკავშირეო ოფისში დღის ბოლოს უკვე მედიასთან ისაუბრებს. საქართველოს შემდეგ, ხავიერ კოლომინა, რეგიონული ტურნეს ფარგლებში, სომხეთსა და აზერბაიჯანს ეწვევა.