ხარაგაულში დაშავებული სამი პირი სამკურნალოდ, შესაძლოა, თბილისში გადმოიყვანონ

სარკინიგზო გვირაბის გაყვანაზე დაშავებული სამი პირი სამკურნალოდ, შესაძლოა, თბილისში გადმოიყვანონ. მათი ოჯახის წევრები ექიმების პასუხს ელოდებიან.

სამივე დაშავებული ქვიშხეთი-ზვარეს დამაკავშირებელ გვირაბში მომუშავე ელექტროშემდუღებელია. ორის მდგომარეობას ექიმები სტაბილურად აფასებენ. დაზიანებები მათ ხერხემლის არეში აღენიშნებათ. მძიმეა 61 წლის მამაკაცის მდგომარეობა, რომელსაც ნეკნები აქვს ჩამტვრეული და სავარაუდოდ, მოტეხილი აქვს ზედა კიდური.

ეს ის მუშები არიან, რომლებიც ობიექტზე უსაფრთხოების ნორმების უზრუნველყოფის მოთხოვნით, გასულ კვირას გაიფიცნენ. გვირაბის გაყვანაზე დასაქმებულები სამუშაოს მას შემდეგ დაუბრუნდნენ, რაც კომპანია ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურომ მოთხოვნის დაკმაყოფილების პირობა დადო.

გავრცელებული ინფორმაციით, სარკინიგზო გვირაბის გაყვანის სამუშაოებზე ორი აფეთქება მოხდა. აქედან პირველ შემთხვევაში, გვირაბში მყოფი პერსონალი გაფრთხილებული იყო, მეორე აფეთქების შესახებ კი, ისინი ინფორმაციას არ ფლობდნენ და გვირაბში მუშაობას განაგრძობდნენ.

აფეთქებითი სამუშაოების წარმოებისას არსებულ დარღვევებზე საუბრობს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექცია, რომელმაც შესაბამისი ინსპექცია გაფიცვის დროს ჩაატარა.

ხარაგაულში ირმა ჭოლაძე მუშაობს.