ხანუქა - სინათლის დღესასწაული

ძველი წელთაღრიცხვით 164 წელს ებრაელთა მცირერიცხოვანმა ჯარმა სირიული არმია დაამარცხა და საკუთარი სალოცავი – ბეთჰამიგდაშის ტაძარი გაათავისუფლა. სწორედ ამ დღიდან იღებს სათავეს ებრაელთა დღესასწაული ხანუქა, რომელიც რვა დღის განმავლობაში აღინიშნება. თბილისში მდებარე სინაგოგაში დღეს დღესასწაულისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება მოეწყო. ცერემონიას სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლები დაესწრნენ. ტრადიციის მიხედვით, ამ დღეს ებრაელების ოჯახებში სადღესასწაულო სუფრა იშლება, რომლის მთავარი ატრიბუტი ზეთისგან დამზადებული კერძებია. ამ წესსაც თავისი ისტორია აქვს – სწორედ ერთი დოქი ზეთი დახვდათ ებრაელებს სირიელებისგან გათავისუფლებულ ტაძარში.