ხანძრის კერები რეგიონებში

შიდა ქართლი და კახეთი – სტიქიის ორი ზონა, სადაც ხანძარს, ცოცხალ ძალასთან ერთად, საჰაერო ტექნიკითაც ებრძვიან. შედარებით რთულია ვითარება ყვარლის რაიონში. ახალსოფელთან, ტყეში გავრცელებული ცეცხლის ჩასაქრობად, რთული რელიეფის გამო, მაშველებსა და ადგილობრივებს ძირითად კერებთან მისვლა ცხენებითაც მოუწიათ. დღის ბოლოს პროცესში უკვე 3 ვერტმფრენი იყო ჩართული.

საფრენი აპარატის გამოყენება გახდა საჭირო, გორის მუნიციპალიტეტშიც. უკვე მესამე დღეა, სოფელ საყავრესთან, ხანძრის სრული ლოკალიზება ვერ ხერხდება. არ არის გამორიცხული, მაშველებს ადგილზე დარჩენა მთელი ღამის განმავლობაში მოუწიოთ. ორივე რეგიონში საგანგებო შტატებია გახსნილი.

ვითარება, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ორივე შემთხვევაში, კონტროლს ექვემდებარება და ადგილობრივ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. სალიკვიდაციო სამუშაოები კი, სავარაუდოდ, გამთენიისას ისევ ინტენსიურ რეჟიმში განახლდება.