ხანძარი თურქეთში

თურქეთის 26 პროვინციაში, ხანძრის 85 კერიდან 74 კონტროლის ქვეშაა. ამის შესახებ თურქეთის სოფლის მეურნეობისა და მეტყევეობის მინისტრმა განაცხადა. ცეცხლის ახალი კერების გაჩენის თავიდან ასაცილებლად, სტამბოლის პროვინციის გუბერნატორმა 31 აგვისტომდე ტყეში შესვლა აკრძალა. ტყის ხანძრებს თურქეთის სამხრეთ ნაწილში უკვე ოთხი დღეა ებრძვიან. გარდაცვლილია ოთხი და დაშავებულია 180-ზე მეტი ადამიანი. ევაკუირებულია სოფლები. ცეცხლი საფრთხეს უქმნის კურორტებს. თურქეთის პრეზიდენტი ხანძრის განზრახ გაჩენას და საბოტაჟს არ გამორიცხავს და აცხადებს, რომ მიმდინარეობს გამოძიება. თურქეთის დასახმარებლად სახანძრო თვითმფრინავები გაგზავნა რუსეთმა, უკრაინამ და აზერბაიჯანმა. დახმარების მზადყოფნა გამოთქვა საბერძნეთმაც. სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა გამო, მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს მთავრობა. „სოლიდარობას ვუცხადებთ თურქეთის მთავრობას და მოსახლეობას ამ განსაცდელის ჟამს. საქართველოს მთავრობის სახელით, მზად ვარ, მეზობელ თურქეთს ნებისმიერი სახის დახმარება აღმოვუჩინო“, – წერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.