ხანძარი მესტიის მუნიციპალიტეტში

სოფელ ხაიშთან ხანძრის ოთხი აქტიური კერიდან, სამი უკვე ლოკალიზებულია. სვანეთში, ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოები მეოთხე დღეა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. მთის ორ ფერდზე არსებული ოთხი სხვადასხვა სირთულის კერიდან, სამის ლოკალიზება მოხერხდა. კერებთან შეყვანილია სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და მიმდინარეობს აქტიური სალიკვიდაციო სამუშაოები. მეოთხე ლოკაციაზე, რომელიც რელიეფურად ყველაზე რთულად მისადგომია, მუშაობს საჰაერო ძალა.

მთელი ღამის განმავლობაში ტყეში ცოცხალი ძალის მიერ მიმდინარეობდა ტერიტორიის დამუშავება. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ოთხი ვერტმფრენია ჩართული. მობილიზებულია დამატებითი ცოცხალი ძალა თბილისიდან და რეგიონებიდან. ამ დროისთვის, ადგილზე სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება და გრძელდება აქტიური სალიკვიდაციო სამუშაოები.