ხანძარი ბორჯომის ტყეში

ბორჯომი სტიქიის ზონად რჩება. ტყის საფარის ნაწილს კვლავ ცეცხლი უკიდია. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, მთავარი საფრთხე –  დასახლებულ პუნქტზე ცეცხლის გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს. სტიქიის მთავარ კერებთან ყველაზე ახლომდებარე სოფლები დგვარი და ქვაბისხევია, საიდანაც ამ ეტაპზე მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება არ არსებობს. გარკვეული უბნების ლიკვიდირება მოხერხდა, თუმცა ქარის გამო, ახალი კერები ჩნდება. ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართულია თავდაცვის ძალები და ავიაცია, ცოცხალ ძალასთან ერთად სტიქიას სპეციალური ტექნიკითაც ებრძვიან. სტიქიის მასშტაბი დაახლოებით ისეთია, როგორც ბორჯომის ტყეში 2017 წლის აგვისტოში იყო. ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებს კოორდინაციას ბორჯომის ხეობაში შექმნილი ოპერატიული მართვის შტაბი უწევს.