ბრაზილიის პრეზიდენტმა ამაზონის ტროპიკულ ტყეში მძვინვარე მასშტაბურ ხანძართან ბრძოლისთვის ჯარისკაცების გაგზავნის განკარგულება გასცა. ბრძანების თანახმად, ცეცხლის ჩაქრობას სამხედრო მოსამსახურეები უშუალოდ ტყეში, ასევე ამაზონის მკვიდრი მოსახლეობის ტერიტორიასა და სასაზღვრო რეგიონებში შეეცდებიან. განკარგულება ერთთვიანია. გადაწყვეტილება პრეზიდენტმა მას შემდეგ მიიღო, რაც ევროპულმა ქვეყნებმა მას სტიქიასთან ბრძოლაში აქტიური ზომების მიღებისკენ მოუწოდეს.
რამდენიმე ქვეყანა, ევროკავშირსა და ლათინური ამერიკის ქვეყნებს შორის, მასშტაბური სავაჭრო შეთანხმების დაბლოკვითაც დაიმუქრა. მოქალაქეებმა კი, ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში მასშტაბური დემონსტრაციები გამართეს. აქციები დაიგეგმა ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნებშიც. აქტივისტებმა მანიფესტაციები ბრაზილიის საელჩოების წინ მოაწყვეს. დონალდ ტრამპმა კი განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ბრაზილიის დასახმარებლად მზად არის. ამჟამად ამაზონის ტროპიკულ ტყეში ცეცხლის ათასობით კერას ებრძვიან.