„ხალხის ძალის“ სადავო კანონპროექტი

„ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ ხმაურიან კანონპროექტებს პრეზიდენტი ვეტოს დაადებს.

არასამთავრობო სექტორის, ოპოზიციის და საერთაშორისო პარტნიორების მსგავსად, სალომე ზურაბიშვილიც კანონპროექტებში ქვეყნის ევროპული პერსპექტივის საფრთხეებს ხედავს. ავტორების არაერთი განმარტების მიუხედავად, ოპონენტები რუსულ კანონად აცხადებენ ინიციატივას, რომელიც არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს უცხოეთიდან მიღებული დაფინანსების გასაჯაროებას და უცხოური გავლენის აგენტთა რეესტრში აღრიცხვას ავალდებულებს. ანალოგიური შეფასება მიიღო ამერიკაში მოქმედი უცხოელ აგენტთა რეგისტრაციის აქტის ქართულმა ვერსიამაც, რომელსაც „ხალხის ძალა“ ახლა თარგმნის და მის უცვლელად წარდგენას აანონსებს. ინიცირებულ ინიციატივას ამერიკულთან ვერ აიგივებენ და სამოქალაქო სექტორის შეზღუდვის საფრთხეზე საუბრობენ საერთაშორისო პარტნიორებიც, რომლებიც კანონის მიღების შემთხვევაში საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის პერსპექტივას ეჭვქვეშ აყენებენ.