„ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი - შეფასებები

ხვალ პარლამენტის ბიუროს წარედგინება „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული პროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც ამერიკული ვერსიის ანალოგია. კანონი ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20 პროცენტზე მეტს უცხოეთიდან იღებენ, ავალდებულებს, რომ უცხოური აგენტების რეესტრში დარეგისტრირდნენ. ამ ეტაპზე პარლამენტში უკვე ორი კანონპროექტია წარდგენილი, აქედან ერთი, რომელიც „ხალხის ძალამ“ შეიმუშავა და მეორე, რომელიც ამავე პოლიტიკური ჯგუფის ინიციატივით პირდაპირ ამერიკული ვერსიის ზუსტ თარგმანს წარმოადგენს.

ოპოზიციის წარმომადგენელთა მტკიცებით, კანონპროექტები რუსული სულისკვეთებისაა, ამიტომ ხელისუფლების ოპონენტების უმრავლესობა ინიციატივების მხარდაჭერას არ აპირებს, მმართველი გუნდი კი ფინანსური გამჭვირვალობის აუცილებლობაზე საუბრობს.