„ხალხის ძალის“ კანონპროექტის ხმაურიანი განხილვა

თითქმის ცხრა საათიანი ხმაურიანი განხილვა დასრულებულია. მწვავე კრიტიკისა და წინააღმდეგობის მიუხედავად, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ ორივე კანონპროექტს მხარი დაუჭირა. მანამდე მთელი დღის განმავლობაში კომიტეტზე მსჯელობა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე წარიმართა. ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ კომიტეტის თავმჯდომარემ ტექნიკური შესვენება რამდენჯერმე გამოაცხადა, მოგვიანებით კი ოპოზიციონერ დეპუტატთა ნაწილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა. ხალხის ძალის მიერ ინიცირებულ კანონპროექტებთან დაკავშირებით, ოპოზიციის პოზიცია უცვლელია. ხელისუფლების ოპონენტები ე.წ. აგენტების შესახებ ორივე პროექტს რუსულ კანონად აცხადებენ და ამბობენ, რომ მისი მიღების შემთხვევაში ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ვეღარ მიიღებს. ოპოზიცია მოითხოვს კანონპროექტები პარლამენტიდან გამოიწვიონ.

ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს „ხალხის ძალა“ და აქცენტს საზოგადოების ინფორმირებულობასა და უცხოეთიდან მიღებული დაფინანსების გამჭვირვალობაზე აკეთებს. მმართველ გუნდში კი ოპონენტებს ახსენებენ, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია ქვეყნის კონსტიტუციით არის გარანტირებული.