„ხალხის ძალის“ განცხადება

„ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სააკაშვილის რეჟიმის მიერ 2008 წელს ჩადენილი დანაშაული არჩევნების შემდეგ სრულფასოვნად გამოვიძიოთ და დამნაშავეებმა კონსტიტუციის ფარგლებში, კანონის მთელი სიმკაცრით აგონ პასუხი“- ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებაშია აღნიშნული.

„რადგან ომთან დაკავშირებული სასამართლო პროცესები დასრულებულია და საქართველოს ხელისუფლებამ ქართული სახელმწიფოს და ჯარის ინტერესები ორივე სასამართლოში ეფექტიანად დაიცვა, ახლა უკვე გვაქვს სრული შესაძლებლობა, დაწვრილებით გავარკვიოთ, მოხდა თუ არა ის, რაზეც „ნაცმოძრაობა“ და სალომე ზურაბიშვილი უკვე შეთანხმებულები არიან – რომ 2008 წელს ომი სააკაშვილმა დაიწყო.ზელენსკის მიერ შექმნილი სანქციების ჯგუფის კოორდინატორს, მაიკლ მაკფოლს ინტერვიუში ათქმევინეს, საქართველო, რომელიც 2008 წელს მოწინავე ქვეყანა იყო, ნატო-სკენ მიმავალ გზაზე უკრაინას ჩამორჩაო. ლოგიკურად უნდა დავსვათ კითხვა, რით უსწრებს უკრაინა საქართველოს დღეს, რითაც საქართველო უკრაინას 2008 წელს უსწრებდა. რჩება ერთადერთი კრიტერიუმი, რომელსაც მაკფოლი 2008 წელს საქართველოს მოწინავეობაში შეიძლება გულისხმობდეს. 2008 წელს საქართველოს ხელისუფლებამ ვერ აიცილა ომი და იომა, ახლა კი ამას ზელენსკის ხელისუფლება აკეთებს. ანუ პირდაპირ მიგვანიშნებენ, რომ ნატო-ზე მხოლოდ იმ შემთხვევაში დაგველაპარაკებიან, თუ ვიომებთ. მაკფოლის მინიშნება კიდევ უფრო გვიმყარებს რწმენას, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი ძირფესვიან გამოძიებას საჭიროებს.”- აცხადებენ „ხალხის ძალის“ წარმომადგენლები.