„ხალხის ძალას“ განცხადება

„ხალხის ძალა“ მორიგ განცხადებას ავრცელებს და სააკაშვილის საქმეს ეხმაურება. სააკაშვილის გათავისუფლების პოლიტიკური კამპანია მის უცხოელ პატრონებს ფართოდ აქვთ გაშლილი, მასზე ამდენი ზრუნვა სერიოზულ კითხვებს აჩენს და ამ კითხვებს, ლოგიკურად, ძველი ან ახალი ომის თემამდე მივყავართ. ევროპარლამენტს მიაღებინეს სამი რეზოლუცია ამ მოთხოვნით, კამპანიაში ჩართეს სხვადასხვა ქვეყნის სახელმწიფო უწყებები, საელჩოები, საერთაშორისო მედია. ვერავინ ამბობს, რომ სააკაშვილს უმძიმესი დანაშაულები არ აქვს ჩადენილი, მაგრამ ე.წ. ჰუმანიტარული მოტივით მის გასათავისუფლებლად ძალისხმევას არ იშურებენ.

„ქართული ოცნებისგან“ ისიც ვიცით, რომ ამ მოთხოვნით სააკაშვილის პატრონები სახელისუფლო კაბინეტებსაც ხშირად სტუმრობენ. ერთი ვერსიით, ამერიკელებს სააკაშვილის გარეთ გაშვება ახალი ომის დასაწყებად შეიძლება უნდოდეთ. თუმცა, ფაქტია, რომ სააკაშვილი იმიჯურად დღეს კიდევ უფრო მეტად არის დაზიანებული, აქედან გამომდინარე, არ გვგონია, ამერიკელები იმ დონეზე ვერ გრძნობდნენ სიტუაციას, რომ სააკაშვილის ლიდერობით ხელისუფლების გადატრიალებისა და ქვეყნის ომში ჩართვის იმედი ჰქონდეთ.
აქედან გამომდინარე, უფრო ლოგიკურია მეორე ვერსია, რომლის მიხედვითაც სააკაშვილის გათავისუფლების მიზანი 2008 წლის ომის დანაშაულზე ხელის დაფარებაა. როგორც ჩანს, სააკაშვილის პატრონებს ან შანტაჟის ეშინიათ, ან ისინი აგვისტოს ომის გამო სააკაშვილისგან სერიოზულად არიან დავალებული. რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება სააკაშვილის გათავისუფლების კამპანია, მით უფრო მეტ აქტუალობას შეიძენს შეკითხვა – რა მოხდა 2008 წლის აგვისტოში?,“ – აღნიშნულია „ხალხის ძალის“ განცხადებაში.