„ხალხის ძალას“ განცხადება

„ხალხის ძალა“ მორიგ განცხადებას ავრცელებს – სააკაშვილის პატრონებმა მოუხშირეს საუბარს, რომ ციხეში მისმა შესაძლო სიკვდილმა შეიძლება, ქვეყნის მომავალი განსაზღვროს. წერილის ავტორების თქმით, სააკაშვილი თავის „პატრონებს“ კონკრეტული თემებით აშანტაჟებს. „ხალხის ძალის“ წარმომადგენლები მოუწოდებენ ხელისუფლებას, გამოიჩინოს მაქსიმალური სიფრთხილე.

„რჩება გეგმა B: სააკაშვილის, როგორც ოქროს მოწმის მოშორება. სააკაშვილის ლიკვიდაციის შემთხვევაში, პატრონები ორ კურდღელს დაიჭერენ: პირველი, მოიშორებენ ოქროს მოწმეს, რომელსაც ციხეში ნულოვანი პოლიტიკური ფასი აქვს; მეორე და მთავარი, სააკაშვილის სიკვდილს ხელისუფლებას დააბრალებენ და ამ საბაბით, ქვეყანაში მასობრივი არეულობის მოწყობას შეეცდებიან, რისი საბოლოო მიზანიც, ხელისუფლების ძალადობრივი ცვლილება და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა იქნება. აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გამოიჩინოს მაქსიმალური სიფრთხილე, რათა სააკაშვილის პატრონებს არცერთი გეგმის განხორციელების შესაძლებლობა არ მიეცეთ“, – ნათქვამია განცხადებაში.