„ხალხის ძალა“ განცხადებას ავრცელებს

მოძრაობა „ხალხის ძალა“ ახალ განცხადებას ავრცელებს. უკიდურესად შემაშფოთებელია ბიძინა ივანიშვილის ადვოკატების ინფორმაცია, რომ ისინი „კრედიტ სუისის“ მენეჯმენტის მამხილებელი სტატიების გავრცელებისას ევროპის მასშტაბით მედიის უპრეცედენტო და კოორდინირებულ ცენზურას აწყდებიან. გამოდის, რომ ევროკავშირს, რომელზეც 90-იანი წლებიდან სწორედ ფასეულობების – სამართლიანობის, ადამიანის უფლებების, სიტყვის თავისუფლების გამო ვოცნებობდით, მძიმედ ჰქონია ღირებულებითი საფუძველი შერყეული. საქართველოში ფსევდოლიბერალების მთავარი იარაღი სიცრუე და მის სამსახურში მდგარი მედიაა. გამოდის, რომ ევროპაშიც ფსევდოლიბერალების დომინირების მთავარი იარაღი სწორედ სიცრუე და მის სამსახურში მდგარი მედია ყოფილა. როდესაც ვხედავთ უმძიმეს კორუფციულ სკანდალებს ევროკავშირის სტრუქტურებში, ვხედავთ, როგორ მფარველობენ ევროპული სტრუქტურების სახელით მოქმედი პოლიტიკოსები კრიმინალურ პოლიტიკურ ძალას საქართველოში, როგორ ახალისებენ ევროპელი პოლიტიკოსები მიხეილ სააკაშვილის თვითდაზიანებასა და სიმულაციას, როგორ ითხოვს ევროპარლამენტი 400-ზე მეტი დეპუტატის მხარდაჭერით სააკაშვილისა და გვარამიას განთავისუფლებას და ბიძინა ივანიშვილის დასჯას, თავს გვახვევენ ლგბტ პროპაგანდას და უპირისპირდებიან ტრადიციულ ფასეულობებს, როგორ მტრობენ ევროკავშირიდან დაფინანსებული ქართული ენჯეოები ეკლესიას და სახელმწიფოს, და ბოლოს, როდესაც ვხედავთ, რომ თურმე მთელი ევროპული მედია ერთიანი კოორდინირებული ცენზურის ქვეშ მოქმედებს, ბუნებრივად იძენს აქტუალობას კითხვა, ხომ არ გადაკვეთა ევროკავშირმა ის ზღვარი, რომელიც მის ცივილიზაციურ ხიბლს პრინციპულად აქარწყლებს? თუ ევროკავშირში გაწევრიანება ქართველი ხალხისთვის მედიის თავისუფლების, სამართლის უზენაესობის, ეკონომიკური სტაბილურობისა და ტრადიციული ღირებულებების დათმობას და ფასეულობებისგან დაცლილი აგენტოკრატიის დამყარებას ნიშნავს, ასეთ წევრობას ჩვენი მოსახლეობისთვის, ბუნებრივია, არავითარი ფასი არ აქვს.
ვუერთდებით ცალკეული ექსპერტების მოწოდებებს იმის შესახებ, რომ საჭიროა ფართო დისკუსიის გაშლა ყველა თემაზე, რომელიც ევროკავშირში მიმდინარე პროცესებს და ევროკავშირში საქართველოს პერსპექტივას უკავშირდება, – ნათქვამია განცხადებაში.