„ხალხის ძალა“ განცხადებას ავრცელებს

„მხოლოდ სიმართლით აღჭურვილი ხალხის ძალას შეუძლია საქართველოს თავიდან ააცილოს აგენტოკრატიის დაბრუნება, რაც ქვეყანაში მშვიდობისა და დემოკრატიული წინსვლის შენარჩუნების აუცილებელი პირობაა“. – ამის შესახებ აღნიშნულია საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, 2012 წელს ქართული დემოკრატიის 9-წლიანი უკუსვლა დემოკრატიის შეუქცევადმა წინსვლამ ჩაანაცვლა. თუმცა, მათი თქმით, საქართველოს „დაუძინებელი მეგობრების“ გადმოსახედიდან, ყველაფერი უკუღმა მოჩანს. „მათი ე.წ. აღქმების მიხედვით, „ნაცმოძრაობის“ დანაშაულებრივი რეჟიმი იყო „დემოკრატიის შუქურა“, რომლის ჩაქრობის შემდეგ, ქართულ დემოკრატიას სინათლე აღარ ღირსებია“ – ნათქვამია განცხადებაში. ხალხის ძალის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ე.წ. დემოკრატიულ უკუსვლაზე საუბარი კიდევ დიდხანს შეიძლება გაგრძელდეს, მთავარია, საზოგადოება ამგვარი რიტორიკით არ გადაიღალოს და ამ ფონზე, შეცდომა არ დაუშვას და სწორედ ამისათვის არის საჭირო სიმართლით ხალხის აღჭურვა. – აცხადებს „ხალხის ძალა“.