„ხალხის ძალა“ განცხადებას ავრცელებს

„ხალხის ძალა“ მორიგ განცხადებას ავრცელებს, სადაც ვკითხულობთ: გლობალური ომის პარტია სალომე ზურაბიშვილს სააკაშვილს თუ შეაწყალებინებს, არჩევნებს აღარ დაველოდებით და აგვისტოს ომთან დაკავშირებით, გამოძიების დაწყებას ახლავე მოვითხოვთ. სააკაშვილის შეწყალების შემთხვევაში, ყველა ყველაფერს ძალიან მალე გაიგებს იმის შესახებ, გლობალური ომის პარტიის დავალებით, როგორ გაწირა ადგილობრივმა აგენტურამ – „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ომისთვის და ტერიტორიების დაკარგვისთვის საქართველო 2008 წელს.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს სრულად გააქრო 2008 წლის აგვისტოს დღეების სატელევიზიო არქივი, რაც კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, ერთი მხრივ, რამდენად უხეშად აკონტროლებდა ის მედიას და, მეორე მხრივ, როგორ ეშინოდა მას იმ დღეების გახსენების. თუმცა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარი დანაშაულის მტკიცებულებები სრულად მაინც ვერ გაანადგურა. ჩვენმა გუნდმა დაამუშავა მასალები და კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ ის, რაც საქართველოში 2008 წლის აგვისტოში მოხდა, არა მაშინდელი ხელისუფლების ავანტიურა, არამედ მისი შეგნებული ნაბიჯი იყო.

ეს დანაშაული „ნაციონალურ მოძრაობას“ თავად აქვს აღიარებული ევროსაბჭოს რეზოლუციის ხელმოწერით, სადაც ჩაიწერა, რომ 2008 წლის აგვისტოში „სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებები“ ქართული მხარის მიერ „ცხინვალის გაუფრთხილებლად დაბომბვით“ დაიწყო, რასაც „რუსეთის საპასუხო შეტევა“ მოჰყვა. „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ ომის დაწყება არაერთგზის დაადასტურა სალომე ზურაბიშვილმაც. იმ პირობებში, როდესაც საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი და მთავარი ოპოზიციური პარტია თანხმდებიან, რომ 2008 წლის ომი სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო, ამ ფაქტის გახსენება მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს და რიგით მოქალაქეებს ეკრძალებათ. ვკითხულობთ „ხალხის ძალის“ ახალ განცხადებაში.