ხაინდრავა-გიგაურის საქმე

თბილისის საქალაქო სასამართლოში ეკა გიგაურსა და გოგა ხაინდრავას შორის დავის განხილვა ვანო მერაბიშვილისა და ბადრი ბიწაძის დაკითხვით გაგრძელდება.

დღევანდელ პროცესზე მოსამართლემ აღნიშნა, რომ უწყება მერაბიშვილსა და ბიწაძეს უახლოეს პერიოდში გაეგზავნებათ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დირექტორი, ეკა გიგაური გოგა ხაინდრავასა და გურამ ადამაშვილს პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვას ედავება. მოსარჩელე მხარის განმარტებით, საქმე ეხება 2014-2015 წლებში ხაინდრავასა და ადამაშვილის მიერ სატელევიზიო ეთერით გაკეთებულ განცხადებებს. მოპასუხეებმა გიგაურს ბრალად დასდეს 2007 წლის ნოემბრის აქციების ძალისმიერი მეთოდით დაშლა და წახალისება.

ეკა გიგაურის უფლებადამცველი სიმბოლურად, მორალური ზარალის ასანაზღაურებლად 30 თეთრს ითხოვს. რეჟისორი გოგა ხაინდრავა აცხადებს, რომ მას აქვს ბრძანება, რომელიც ეკა გიგაურისთვის კაპიტნის წოდების ვადაზე ადრე მინიჭებას ადასტურებს. ხაინდრავას განცხადებით, კაპიტნის წოდება გიგაურმა 7 ნოემბრის აქციის დარბევის გამო მიიღო.

დატოვე კომენტარი