ლევან ხაბეიშვილი, რომელიც 4 ოქტომბერს დაანონსებული გეგმის თანაავტორია, ბრალის წაყენებას ამ დრომდე ელის. ბრალდების წაყენების ვადა ხვალ იწურება. „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე სუს-ის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. ბრალს, რომელიც მოხელეებისთვის საჯაროდ ქრთამის სახით თანხის შეთავაზებას ეხება, აბსურდულად აცხადებს დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის გუნდი. საქმის პოლიტიკურ მოტივებზე მიუთითებს დანარჩენი ოპოზიციაც. მმართველი გუნდის ლიდერები კი პოლიტიკოსის განცხადებაში კანონდარღვევას ხედავენ და კიდევ ერთხელ იმეორებენ, რომ ხაბეიშვილი „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრებისგან თანხებს იღებდა. „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ბოლო პერიოდში განსაკუთრებით რადიკალური განცხადებებითა და მოწოდებებით გამოირჩეოდა და 4 ოქტომბერს ხელისუფლების მშვიდობიანი დამხობის გეგმაზე აქტიურად საუბრობდა. მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერი პაატა ბურჭულაძე, რომელიც მუნიციპალური არჩევნების დღეს დაანონსებული შეკრების მხარდამჭერია, ხაბეიშვილის დაკავების შემდეგ დღეს მის თანაპარტიელებს შეხვდა.