არჩევიდან მეორე დღეს გაკეთებული რეზონანსული განცხადების გამო ლევან ხაბეიშვილს გუნდშიც განმარტებებს სთხოვენ.
კრიტიკის საგანი ხდება „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი თავმჯდომარის მხრიდან ხელისუფლებისთვის გაკეთებული შეთავაზება, რომელიც პარლამენტიდან და საკრებულოებიდან გასვლის სანაცვლოდ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების პირობას ეხებოდა. აღმოჩნდა, რომ ტელეკამერების წინ გაჟღერებული ინიციატივა ახალ ლიდერს თანაგუნდელებთან შეთანხმებულიც კი არ ჰქონდა. მათ შორის არც პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე ხატია დეკანოიძესთან, რომელმაც თანამდებობა დატოვა. ხაბეიშვილის მხარდამჭერი ლიდერები ახლა დეკანოიძის გადარწმუნებას და მათ მიერ მხარდაჭერილი თავმჯდომარის ხმაურიანი გამოსვლის განმარტებას ცდილობენ. წინადადება გაუგებარია ოპოზიციის ნაწილისთვისაც. გუნდის შიგნით აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, როგორც ჩანს, პარლამენტში რვა თვის დაგვიანებით შესული და არაერთი საპარლამენტო ბოიკოტის გამოცდილების მქონე პარტიის დღის წესრიგში მანდატების დატოვების საკითხი მაინც აქტიურდება.