ხაბეიშვილ-ბურჭულაძის დაანონსებული რევოლუცია

დამხობა და რევოლუცია – არჩევნების თარიღის მოახლოების პარალელურად, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მხრიდან ეს ორი სიტყვა სულ უფრო აქტიურად ისმის. ყოფილი სახელისუფლებო პარტია მოსახლეობას ოთხ ოქტომბერს ქუჩაში გასვლისკენ მოუწოდებს და მშვიდობიანი დამხობის აუცილებლობაზე საუბრობს, თუმცა, რა გეგმას სთავაზობს მხარდამჭერებს, ისევ უცნობია.

ოპოზიციის ნაწილის განცხადებების გათვალისწინებით, მშვიდობიანი დამხობის გეგმით დაინტერესებულები არიან მოქმედი ხელისუფლების ყოფილი წევრებიც. ის, რომ „ქართული ოცნებიდან“ წასულები მიხეილ სააკაშვილის პარტიასთან თანამშრომლობენ, ცოტა ხნის წინ პრემიერ-მინისტრმაც დაადასტურა, თუმცა კონკრეტულად ვინ – სახელებსა და გვარებს არც მმართველ პარტიაში ამბობენ. ვინ ვისთან ერთად და რა გეგმით აპირებს მოქმედებას? ეს დაახლოებით სამ კვირაში გაირკვევა, მანამდე კი ოპოზიციურ ფლანგზე ისევ აზრთა სხვადასხვაობაა და ერთმანეთის კრიტიკა ისმის. მმართველი გუნდი კი უკანონო ქმედებების შემთხვევაში, ოპონენტებს მკაცრი საპასუხო ზომებით ემუქრება.