კეზერაშვილისა და ვოლკერის შეხვედრა და გამოხმაურებები

პოლიტიკურ სპექტრში განხილვის და შეფასებების ერთ-ერთი თემა გახდა სააგენტო კვირას მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თავდაცვის ყოფილი მინისტრის და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელის შეხვედრის შესახებ. სააგენტოს ცნობით, კურტ ვოლკერსა და დავით კეზერაშვილს შორის შეხვედრა ლონდონში ერთ-ერთ რესტორანში 7 ივლისს გაიმართა. ამავე ინფორმაციით, ქართულ სააგენტოს ეს ინფორმაცია გერმანელმა ჟურნალისტმა მიაწოდა, რომელიც ე.წ. ქოლცენტრების საქმეს იძიებს, საქმეს რომლის მიხედვითაც ევროპის არაერთ მოქალაქეს თაღლითურად ფიქტიურ ანგარიშებზე მილიონობით ევრო ჩაარიცხინეს. რაზე ისაუბრეს ყოფილმა ქართველმა ძალოვანმა და ნატოში ამერიკის ყოფილმა წარმომადგენელმა, უცნობია. თუმცა, ქართველი პოლიტიკოსების მოსაზრებით სავარაუდოდ საუბრის მთავარი თემა საქართველოში პოლიტიკური პროცესები იქნებოდა, რადგან დავით კეზერაშვილს ამ პროცესებისადმი დიდი დაინტერესება აქვს. თეორიული დასკვნების გაკეთება ყოფილი მმართველი გუნდის წევრებს მართებულად არ მიაჩნიათ.