კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმე

თბილისის საქალაქო სასამართლოში კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმეზე მორიგი პროცესი გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარემ დასკვნითი სიტყვა თქვა. პროკურორის განცხადებით, კესარია აბრამიძე განსაკუთრებული სისასტიკით არის მოკლული, ამას სხვა მტკიცებულებებთან ერთად, ჭრილობების რაოდენობაც მოწმობს – 28 დაზიანება, რომელიც მას სხეულის თითქმის ყველა ნაწილზე ჰქონდა. პროკურორმა ასევე გამოაქვეყნა მოწმეთა ჩვენებები, რომელთა უმეტესობაც ჯაიანის მხრიდან აბრამიძის მიმართ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაზე საუბრობს. დღესვე პროკურატურამ წარმოადგინა საგამოძიებო მოქმედების დროს ჩაწერილი ფარული ვიდეო ჩანაწერი, სადაც ბექა ჯაიანი საუბრობს თუ როგორ განიზრახა მოეკლა ტრანსგენდერი ქალი. მომდევენო სასამართლოს სხდომა 27 მარტს გაიმართება და დასკვნით სიტყვას უკვე დაცვის მხარე იტყვის, რის შემდეგაც, მოსამართლე გადაწყვეტილების მისაღებად უნდა გავიდეს.

შეგახსენებთ, რომ კესარია აბრამიძის განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით განზრახ მკვლელობაში ბრალდებული 26 წლის ბექა ჯაიანი ქუთაისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. დანაშაული 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.