კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ჯაიანს აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა. სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. სხდომაზე თავად ბრალდებულს განცხადება არ გაუკეთებია. 26 წლის მამაკაცს გამოძიება გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობას ედავება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 7 ნოემბრისთვის ჩაინიშნა. გამოძიების ინფორმაციით, მკვლელობამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე კესარია აბრამიძესა და ბრალდებულს პირად საკითხზე უთანხმოება მოუვიდათ და ერთმანეთს დაშორდნენ. 18 სექტემბერს კი ბრალდებულმა დანა შეიძინა და კესარია აბრამიძესთან შეხვედრა გადაწყვიტა. „ბრალდებულის განმარტებითვე, კესარია აბრამიძე შეხვედრაზე მათი ურთიერთობის ამსახველი ფოტოსურათების სოციალურ ქსელში გასაჯაროების სანაცვლოდ დათანხმდა.
გამოძიების ცნობით, ჯაიანმა შელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, კესარია აბრამიძეს, მისსავე საცხოვრებელ სახლში, ჯერ ხელი დაარტყა, ხოლო შემდეგ იმავე დღეს შეძენილი დანით სხეულის სხვადასხვა ადგილებში 28 ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად კესარია აბრამიძე ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებულმა მიმალვა სცადა. პოლიციამ ის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავა.