კერძო და საჯარო საბავშვო ბაღებზე კონტროლი მკაცრდება 

საბავშვო ბაღებში ავტორიზაციის პროცესი ფინალურ ეტაპზეა.

რეგისტრაციის და სააღმზრდელო დაწესებულებების ინსპექტირების შემდეგ შესაბამისმა უწყებამ უნდა გადაწყვიტოს, აკმაყოფილებს თუ არა კონკრეტული ბაღი ფუნქციონირებისთვის საჭირო კრიტერიუმებს და აქვს თუ არა მუშაობის გაგრძელების უფლება. შემოწმდა ინფრასტრუქტურა, სააღმზრდელო პროგრამები, კვება და აღმზრდელების კვალიფიკაცია. 2016 წელს მიღებული რეფორმის ფარგლებში მიმდინარე პროცესის გადამწყვეტ ეტაპზე ავტორიზაცია ბაღების მხოლოდ მცირე ნაწილმა მიიღო. მათ შორის არიან კერძო სკოლამდელი დაწესებულებებიც. ბაღებს, რომლებმაც საჭირო კრიტერიუმები ვერ დააკმაყოფილეს, ავტორიზაციის მისანიჭებლად და იდენტიფიცირებული პრობლემების მოსაგვარებლად ვადა 2030 წლამდე ექნებათ – ხარვეზების გამოუსწორებლობის შემთხვევაში ბაღები დაიხურება.