კელი დეგნანის პოზიცია - პოლიტიკური შეფასებები

რეკომენდაციების პარალელურად პოლიტიკური დღის წესრიგის თემად რჩება „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატების ბრალდებები ამერიკის საელჩოს მიმართ.

„ხალხის ძალის“ ლიდერების მიერ დასმულ შეკითხვებს და კრიტიკას კელი დეგნანი ამჯერად ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში ეხმაურება და ომში ჩართვასთან და შიდა პოლიტიკაში ჩარევასთან დაკავშირებულ გზავნილებს პრორუსულ დეზინფორმაციად და შეთქმულების თეორიად აცხადებს. დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის განცხადებებიდან ირკვევა, რომ ამერიკელი მაღალჩინოსნების აზრით, ხელისუფლება ყოფილი თანაგუნდელების პოზიციას მკაფიოდ არ ემიჯნება. მართალია, პრემიერმა ცოტა ხნის წინ „ქართული ოცნებიდან“ წასულ დეპუტატებს სტრატეგიული პარტნიორის მიმართ მსგავსი გზავნილების შეწყვეტისკენ მოუწოდა, თუმცა „ხალხის ძალა“ რიტორიკას ჯერ მაინც არ ცვლის. კელი დეგნანის ბოლო განცხადებებში მმართველი პარტიიდან წასულებმა არაგულწრფელობა და კითხვებზე პასუხების თავიდან არიდების სურვილი ამოიკითხეს.