კელი დეგნანის გზავნილები და შეფასებები

ქართულ პოლიტიკურ სპექტრში არაერთგვაროვანი რეაქციები გამოიწვია ამერიკის სენატში გაკეთებულმა განცხადებებმა.

საქართველოში აშშ-ის მომავალი ელჩის გამოსვლაში მმართველმა გუნდმა და ოპოზიციამ სხვადასხვა გზავნილი ამოიკითხეს. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მოსმენის დროს დიპლომატმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ჰუმანიტარული ორგანიზაციების დაშვება მოითხოვა, რუსეთის ქმედებებს კი დესტრუქციული უწოდა. კელი დეგნანმა ვრცლად ისაუბრა ქვეყნის ევროინტეგრაციის პერსპექტივაზეც. თუმცა ოპოზიციისთვის ყველაზე საინტერესო გამოსვლის ის ნაწილი აღმოჩნდა, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს ეხება. ოპონენტები ფიქრობენ, რომ ხელისუფლებამ ვაშინგტონიდან გაფრთხილება მიიღო.