კათოლიკური ეკლესიის ახალი პაპი

15:30, 09.05.2025

კათოლიკურ ეკლესიას ახალი წინამძღოლი ჰყავს. ახალი პაპი კარდინალი რობერტ ფრანცის პრევოსტი გახდა. ის პირველი ამერიკელი პაპია რომის კათოლიკური ეკლესიის ისტორიაში. 69 წლის რობერტ პრევოსტი ჩიკაგოშია დაბადებული. პაპობაში ის ლეო მე-14 იქნება. 2015-2023 წლებში რობერტ პრევოსტი პერუში ერთ-ერთი ეპარქიის ეპისკოპოსად მსახურობდა. ის კარდინალად პაპმა ფრანცისკემ 2023 წელს აკუთხა. მიმდინარე წლის თებერვალში რომის პაპმა ის კარდინალ-ეპისკოპოსად დააწინაურა და რომის პროვინციაში ალბანოს ეპარქიაში განაწესა. კარდინალებმა პონტიფიკოსი კენჭისყრის ოთხი რაუნდის შედეგად აირჩიეს. სიქსტეს კაპელის სახურავიდან თეთრი კვამლი გუშინ საღამოს ამოვიდა, რაც იმის მანიშნებელი იყო, რომ რომის ახალი პაპი არჩეულია.

პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში 21 აპრილს გარდაიცვალა. ანდერძის თანახმად, პონტიფიკოსი რომის სანტა მარია მაჯორეს ტაძარში დაკრძალეს.

რობერტ ფრანცის პრევოსტს რომის პაპად არჩევას ულოცავს აშშ-ის პრეზიდენტი:„ვულოცავ კარდინალ რობერტ ფრანცის პრევოსტს, რომელიც ახლახან აირჩიეს პაპად. დიდი პატივია იმის გაცნობიერება, რომ ის პირველი ამერიკელი პაპია. როგორი ამაღელვებელი და დიდი პატივია ჩვენი ქვეყნისთვის. მოუთმენლად ველოდები პაპ ლეო XIV-სთან შეხვედრას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი იქნება!“, – წერს დონალდ ტრამპი.

რობერტ ფრანცის პრევოსტს რომის პაპად არჩევას ულოცავენ ევროკომისიის პრეზიდენტი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი. ურსულა ფონ დერ ლაიენის და ანტონიუ კოშტას ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია: „ჩვენ გულწრფელად ვულოცავთ ლეო XIV-ს პაპად არჩევასა და კათოლიკური ეკლესიის მეთაურად დანიშვნას. მილიონობით ევროპელი ყოველდღიურად იღებს შთაგონებას მშვიდობის, ადამიანის ღირსებისა და ერებს შორის ურთიერთგაგების მიმართ. დარწმუნებული ვართ, პაპი ლეო XIV გამოიყენებს თავის ხმას გლობალურ ასპარეზზე ამ საერთო ღირებულებების და ერთიანობის წასახალისებლად უფრო სამართლიანი, თანაგრძნობის მქონე მსოფლიოს მიღწევაში. ევროკავშირი მზადაა, მჭიდროდ ითანამშრომლოს გლობალური გამოწვევების დასაძლევად და სოლიდარობის, პატივისცემისა და სიკეთის სულისკვეთების გასაღვივებლად. ვისურვებდით, რომ პაპ ლეო XIV-ის პონტიფიკატი სიბრძნითა და სიძლიერით იყოს სავსე, რადგან ის უძღვება კათოლიკურ საზოგადოებას და შთააგონებს მსოფლიოს მშვიდობის, დიალოგისადმი თავისი ერთგულებით“, – ნათქვამია ურსულა ფონ დერ ლაიენისა და ანტონიუ კოშტას ერთობლივ განცხადებაში.

ახალი პაპის არჩევას ეხმიანება საქართველოს პრეზიდენტი. „გულითადად ვულოცავ ლეო XIV-ს რომის პაპად არჩევას. საქართველო აფასებს ისტორიულ კავშირებს წმინდა საყდართან და მზადაა, განაგრძოს მშვიდობაზე, ურთიერთპატივისცემასა და საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული ურთიერთობები“, – წერს მიხეილ ყაველაშვილი.

მისალოც წერილს აქვეყნებს საქართველოს პრემიერიც. „საქართველოს მთავრობის სახელით გულწრფელად ვულოცავ მის უწმინდესობას, ლეო XIV-ს რომის პაპად არჩევას. ვუსურვებთ მას სიძლიერეს, სიბრძნესა და ღვთის წყალობას კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელობის წმინდა მისიის შესრულებაში“, – ნათქვამია ირაკლი კობახიძის განცხადებაში.

მსგავსი