კარლო კაჭარავას შემოქმედება ეროვნულ გალერეაში

2017 წლის გაზაფხულზე მისი ნამუშევრები ნიუ-იორკში გამართულ ჯგუფურ ექსპოზიციაზე გამოფინეს. გამოფენის ერთ-ერთ მიმოხილვაში ცნობილმა ამერიკელმა კრიტიკოსმა მის ნახატს კარენ კილიმნიკის პანკური შემოქმედების წინამორბედი უწოდა. თვითონ კი ასე ხედავდა ხელოვნების როლს: “ხელოვნება წარმოუდგენელია სოციალური ფუნქციის გარეშე. ის მოღვაწეობის ერთადერთი ფორმაა, რომელიც პიროვნებას თვითშემეცნების საშუალებას აძლევს. ხელოვნების როლი ადამიანისათვის ბედნიერების დაპირებაა”. ხვალიდან კარლო კაჭარავას ნამუშევრები დამთვალიერებლებს იმ ბედნიერებას ჰპირდება, რაც ნამდვილ ხელოვნებასთან შეხებას მოაქვს.  30 წლის ასაკში გარდაცვლილი  მხატვრის შემოქმედება დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში იქნება წარმოდგენილი.