კარასინი-აბაშიძის ონლაინსაუბარი შედგა

2019 წლის მოვლენები შეხვედრაზე ნახსენები საერთოდ არ ყოფილა; ეს გახლავთ რუსეთის მხარის ინტერპრეტაცია, – ასე გამოეხმაურა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რომელიც უწყებამ აბაშიძე-კარასინის ონლაინშეხვედრის შემდეგ გაავრცელა.

„მოამბესთან“ საუბარში კი პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი ამბობს, რომ განხილვის მთავარი  საკითხი ოკუპირებულ რეგიონებში არსებული რთული ვითარება იყო. აბაშიძემ აღნიშნა, რომ პანდემიის მიუხედავად, რუსეთი განაგრძობს მასშტაბური სამხედრო წვრთნების ჩატარებას, გრძელდება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ე.წ. ბორდერიზაცია, ადამიანის უფლებების უხეში ხელყოფა და ოკუპირებულ რეგიონებთან მიმოსვლა ფაქტობრივად შეწყვეტილია.

ყურადღება გამახვილდა რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების შესახებ პროგრამის დამტკიცებაზეც, რაც, ქართული მხარის შეფასებით, დე ფაქტო ანექსიისკენ გადადგმულ მორიგ უკანონო ნაბიჯს წარმოადგენს.