კარანტინის წესის დარღვევის შემთხვევაში გიგი უგულავა დაჯარიმდება

თავისუფლების მოედანზე მისვლა და აქციაზე სიტყვით გამოსვლა გიგი უგულავას შესაძლოა სოლიდურ ფულად ჯარიმად დაუჯდეს.

ფოთის მერობის კანდიდატს კოვიდ-რეგულაციის დარღვევას ედავებიან. ოპოზიციონერმა ლიდერმა საზოგადოებას კორონავირუსით ინფიცირების შესახებ 7 ოქტომბერს სოციალური ქსელით აცნობა, ზუსტად ერთ კვირაში კი „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე მივიდა და ადგილზე შეკრებილებს პირბადის გარეშე მიმართა. უგულავა ამტკიცებს, რომ უკვე გამოჯანმრთელებულია და დასტურად ტესტის პასუხს აქვეყნებს, რომელიც დღეს არის ჩატარებული. კიდევ ერთ არგუმენტად ექიმისგან მიღებული ნებართვა და ამერიკული პროტოკოლით მოქმედება სახელდება. საქართველოში არსებული პროტოკოლის მიხედვით, „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული 12-დღიან იზოლაციას ექვემდებარება. აქციაზე მისვლის გამო მერობის კანდიდატი ყოფილმა თანაპარტიელებმაც გააკრიტიკეს. როგორც ირკვევა, გუშინდელ ფაქტზე მოკვლევა დაწყებულია.