„კანვას საქართველოს“ განცხადება

ორგანიზაცია „კანვას საქართველო“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს და მას ზეწოლად აფასებს. აღნიშნულ შემთხვევებს „კანვას საქართველო“ აფასებს ზეწოლად როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელზე, ისე იმ აქტივისტებზე, ვინც ორგანიზაციასთან თანამშრომლობენ, იღებენ განათლებას, ავრცელებენ ცოდნას სტრატეგიული არაძალადობრივი კამპანიების შესახებ. განცხადებაში ასევე წერია, რომ „სამოქალაქო საზოგადოების მიერ „რუსული კანონის“ წინააღმდეგ თებერვალ-მარტში წარმატებით წარმოებული კამპანიის საპასუხოდ, სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან გავრცელდა მუქარა „კანვას საქართველოს“ დირექტორის, გიორგი მელაძის მიმართ. მას მოიხსენიებდნენ „ექსტრემისტ ლექტორად“ და კამპანიის ერთ-ერთ ორგანიზატორად. მუქარის კამპანია გაგრძელდა სექტემბრის 18 რიცხვში, როდესაც სახელმწიფო უშიშროების სამსახურის წარმომადგენელმა საჯარო პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ორგანიზაცია „კანვასი“ მონაწილეობდა სახელმწიფოს წინააღმდეგ ორგანიზებულ შეთქმულებაში მოქმედი ხელისუფლების დამხობის მიზნით.